საზოგადოება
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 8 ივნისიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. გადაადგილება დასაშვებია საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საშუალებით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი არიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.

ამასთან, დიდუბის ავტოსადგურზე მოწყობილია დეზობარიერი, სადაც მგზავრები ტრანსპორტში ჩასხდომამდე შესაბამის პროცედურებს გადიან.

როგორც შპს „ოკრიბას“ მთავარი ბუღალტერი აცხადებს, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება გაძვირდა სამი ლარით, თუმცა მისივე ცნობით, მგზავრობის გაძვირება პანდემიას არ უკავშირდება.

როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ხდება უკვე მგზავრთა გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით, რეგულაციები დადგენილია მთავრობის მიერ. შეძენილი არის აპარატი, რომლითაც ადამიანებს დეზინფექცია უტარდებათ, ასევე უტარდებათ თერმოსკრინინგი. მანქანებს უტარდება დეზინფექცია, რომლებიც შემდეგ დანიშნულების ადგილამდე გადაჰყავთ. სამგზავრო ღირებულება დარჩა თითქმის იგივე, მოხდა მხოლოდ უმნიშვნელო გაძვირება ზოგიერთ მიმართულებაზე, რაც ამასთან კავშირში არ არის. მხოლოდ ქუთაისზე არის ამ ეტაპზე მომატებული უმნიშვნელოდ მგზავრობის ღირებულება, ღირდა 12 ლარი და გახდა დაახლოებით 15 ლარი. ექვს თვეში ერთხელ ისედაც ხდება მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა და რენტაბელურობა ქალაქებს შორის არსებული მარშრუტების. ამის მიხედვით რეგულირდება ფასები“, – განაცხადა შპს „ოკრიბას“ მთავარმა ბუღალტერმა, მარიამ ელბაქიძემ.

რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, მგზავრთა გადაყვანა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით, გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.