საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამომრჩევლისთვის მეტი მრავალფეროვნების უზრუნველყოფა და ადამიანები, რომლებიც კენჭს იყრიან, იყვნენ საკმარისი პოლიტიკური კალიბრის მქონე ლიდერები, რათა „ქართული ოცნება“ დაამარცხონ.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ორი – ყველგან თბილისში იდგნენ იმ კალიბრის ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, რომ პოლიტიკურად შეებრძოლონ და დაამარცხონ „ქართული ოცნება“ და მეორე – შევთავაზოთ ამომრჩეველს მრავალფეროვნება, რომ გამოჩნდეს, თბილისში ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს კონსულტაციები, ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ დგას იმის, რომ რომელიმე პარტია ითხოვს იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე სხვა პარტიები მოიაზრებენ მისთვის.
მიმდინარეობს სწორება სწორედ ამაზე, როგორ ვუზრუნველყოთ მეტი მრავალფეროვნება ამომრჩევლისთვის და როგორ ვუზრუნველყოთ ის, რომ ადამიანები, ლიდერები, ვინც დადგებიან, იქნებიან საკმარისი პოლიტიკური კალიბრის მქონე ლიდერები იმისთვის, რომ დაამარცხონ „ქართული ოცნება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის განმარტებით, მათი ამოცანა არის არა ის, რომ პარტიულად მეტი ადგილი აიღოს „ევროპულმა საქართველომ“, არამედ ოლქები გადანაწილდეს ისე, რომ მთლიანად ოპოზიციის გამარჯვების შანსი გაიზარდოს.
„მე ვიქნები პროპორციული სიის პირველი ნომერი და შეთანხმების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, ვიყო ასევე თბილისის მაჟორიტარი, ერთ-ერთი რაიონის. თბილისის შემდეგ იქნება კონსულტაციები დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებით, დანარჩენ ოლქებთან დაკავშირებით. იქაც ვფიქრობთ კოორდინირებულად, ოღონდ კოორდინაცია, მათ შორის, შესაძლოა, გამოიხატებოდეს მეტ კონკურენციაში, შეიძლება იყოს ოლქები, სადაც ჩვენ ინტერესში იქნება რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი, რათა ხმები გაიყოს და ხელისუფლებას პირველ ტურში გამარჯვების საშუალება არ მივცეთ. შემდეგ მეორე ტურში ხმები წავიდეს ერთ კანდიდატთან“,- განაცხადა ბაქრაძემ.