საზოგადოება
თბილისის მერს ნერვებმა უმტყუნა და პროვოკაციას წამოეგო (ვიდეო)

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში 5 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ერთ-ერთი აქტივისტისთვის შემოხეულ მაისურს, კალაძის თქმით, „ალბათ თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია ვერ მოაწყო“.

იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულების, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაყვანილ იქნა ტერიტორიიდან“, - განაცხადა კალაძემ.

5 ივნისს, კახა კალაძე ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე იყო მისული. მას რამდენიმე აქტივისტი დახვდა. მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ადგილიდან აქტივისტების გარიდება სცადეს. ერთი მათგანის მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მაისური შემოახიეს (ვიდეო იხ. აქ).

„ანას ბაღის“ აქტივისტის გიორგი ფხალაძის განცხადებით, 13 ივნისს დაგეგმილია აქციის ჩატარება მერიასთან. „ანას ბაღის მცველების მთავარი მოთხოვნა იქნება კახა კალაძის გადადგომა, რადგან მან დაკარგა ჩვენ თვალში ლეგიტიმაცია, ის არ არის კარგი მერი, ანადგურებს გარემოს“, - უთხრა გიორგი ფხალაძემ „TV პირველს“.