ბათუმის პიაცა 11 მილიონ ლარად გაიყიდა
ბათუმის პიაცას კოშკი 11 მილიონ ლარად კომპანია „პიაცა ჰოლდინგმა“ შეიძინა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძის განცხადებით, ახალაშენებული კოშკის გასხვისების შემდეგ ახალი მეპატრონეები პიაცაში სასტუმროს მოაწყობენ. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე კოშკის მშენებლობა 18.5 მლ ლარი დაჯდა. „პირობით აუქციონში გამარჯვების შემდეგ „პიაცა ჰოლდინგის“ წარმომადგენლები ვალდებული არიან, თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოწყობილი ღონისძიებების დროს სასტუმროს პირველი სართული დაგვითმოს, ასევე, სათანადოდ მოუაროს კოშკზე დამონტაჟებულ საათს.
ამასთან, პირობის თანახმად, პიაცაში მხოლოდ სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურის – კაფეს, რესტორნის მოწყობა შეიძლება“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიაცას ახალი მეპატრონე თურქული კომპანია. ბათუმის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრის – ვაჟა ვერულიძის ინფორმაციით კი, „პიაცა ჰოლდინგი“ თურქ ბიზნესმენს ეკუთვნის. „ოფიციალურად ჯერ არავის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ბიუჯეტს შევსება სჭირდება და ამიტომაც ვყიდით პიაცას“, – განაცხადა ვერულიძემ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი კი დარწმუნებულია, რომ პიაცას მყიდველი რეალურად სახელისუფლო გუნდის წევრია. მას უკვირს, რატომ გაიყიდა პიაცა რამდენიმე მილიონით იმაზე იაფად, ვიდრე მისი მშენებლობა დაჯდა.