პუბლიკაციები
ყაზახეთის პრეზიდენტ ტოკაევის წარმატებული მმართველობის წლისთავი

 ფრიად პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის მუშაობის პირველი 12 თვე ამ სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე.

ინტელიგენტური, მომხიბლავი, თავმდაბალი, განათლებული, დინჯი და სტრატეგიულად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწე ტოკაევი ამართლებს თავის პერსონასთან დაკავშირებულ იმედებს. ყაზახეთის ხალხი არ შეცდა, მან სწორი არჩევანი გააკეთა.

ტოკაევმა უზრუნველჰყო ყაზახეთის წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობა, ამასთან, ახალი იმპულსი მისცა ქვეყნის სწრაფ განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ტოკაევი არის ზომიერების ფარგლებში ფრთხილი პოლიტიკოსი, რომელმაც არა მხოლოდ ის იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს თავისი წინამორბედის, ერის ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის საპრეზიდენტო წლების მონაპოვარი, არამედ, შეუძლია ენერგიული ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი ორიგინალური იდეების განხორციელება. ტოკაევი ამბიციური პოლიტიკოსია, ამ სიტყვათწყობის საუკეთესო აზრით.

გასული წლის 9 ივნისს არჩეულმა პრეზიდენტმა ტოკაევმა თავისი მზერა, პირველ რიგში, ეკონომიკას მიაპყრო. ეკონომიკურ პრიორიტეტებს მთავარი ადგილი მიენიჭათ საგარეო პოლიტიკაშიც, ყაზახეთი სულ უფრო აქტიურად აკეთებს განაცხადს ექსპორტიორი ქვეყნის როლზე და ექსპორტი არა მხოლოდ ენერგოშემცველებს ეხება. დიდი ტემპებით გრძელდება ეკონომიკის გაციფრულება, ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორებისთვის დამცავი მექანიზმების გამყარება, სახელმწიფოს მიერ ხდება ინოვაციური მიდგომების წახალისება... ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა ის, რომ თვით მსოფლიო კორონაკრიზისის და ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრი ვარდნის პირობებში, ყაზახეთის ეკონომიკა, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებით, მხოლოდ მინიმალურ დანაკარგებს განიცდის.

თანამდებობის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა, ყურადღება, პირველ ყოვლისა, მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა - ქვეყნის სწრაფი განვითარების პირობებში, რომელიც საბაზრო წესებით ხდება, უცილობლად იზრდება ნაპრალი მოსახლეობის შეძლებულ და შეჭირვებულ ფენებს შორის. დიდ პატივისცემას იმსახურებს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვალების ჭაობში ჩაფული კატეგორიისთვის საფინანსო ამნისტიის გამოცხადების შესახებ. დაახლოებით ნახევარ მილიონ მოქალაქეს შეეხო სრული საფინანსო ამნისტია, კიდევ მრავალს - ნაწილობრივი ამნისტია.

ერთი წლის მანძილზე არაერთი რეფორმა განხორციელდა. სახელმწიფო აპარატი ნაკლებად ბიუროკრატიული, ხალხთან უფრო ახლოს მყოფი გახდა, გაიზარდა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. სახელმწიფო სტრუქტურებში მიდის დემოკრატიზაციის პროცესი, პარლამენტში ოფიციალურად გაფორმდა ოპოზიცია, როგორც სამართლებრივი ცნება და არა უბრალოდ პოლიტიკური ტერმინი.

ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი ყაზახეთი ყურადღებით სწავლობს სხვა ქვეყნების რეფორმების გამოცდილებას, მათ შორის, საქართველოს გამოცდილებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენც არ შეგვიშლიდა ხელს, შეგვესწავლა ტოკაევის წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

გულბაათ რცხილაძე – ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

აკაკი კარტოზია – ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე