უცხოეთი
აშშ-ის მასშტაბით რასიზმის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაციები გაიმართა

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სხვადასახვა ქალაქებში გასულ დღე-ღამეში მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა რასიზმი და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა გააპროტესტეს. აქციები უკვე 12 დღეა იმართება. BBC-ის ცნობით, ამჯერად მორიგი აქცია დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართა, აქ ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, პოლიციამ კი თეთრი სახლის მისადგომები გადაკეტა.

ვაშინგტონში დემონსტრანტებს ტრანსფარანტები ეჭირათ, წარწერით: „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

დემონსტრაციები მოეწყო ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში. ნიუ-იორკში მსვლელობა მოეწყო ბრუკლინის ხიდზე, სან-ფრანცისკოში კი აქციის მონაწილეებმა გოლდენ-გეიტის ცნობილი ხიდი გადაკეტეს. ჩიკაგოში 30 000-მდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში. აქციები ჩატარდა რიჩმონდში, ვირჯინიაში, ატლანტასა და ფილადელფიაში, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ჩვენ გვინდა სამართლიანობა, ჩვენ გვინდა სიყვარული“.

გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს კალიფორნიაში, სადაც იგი დაიბადა. აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დაკავებისას უხეში ძალა გამოიყენა. პასუხისგებაში მიეცა 4 პოლიციელი, მათგან ერთი - მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება.

interpressnews.ge