საზოგადოება
საგარეო უწყება - დავით ზალკალიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების, გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარესა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.