მთავრობა „ღვინის ლაბორატორიის“ გასხვისებას გეგმავს
გასხვისების მიზეზად საქართველოს მთავრობაში, სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიებს შორის არათანაბარ კონკურენტულ გარემოს ასახელებენ. მთავრობაში აცხადებენ, რომ ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივი მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის ტესტირებას იმ ლაბორატორიაში ამჯობინებენ, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც ამ დარგში პოლიტიკის გამტარებელია, კერძოდ, „სამტრესტი“. მთავრობაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ მწარმოებლების ასეთი არჩევანი „სამტრესტის“ მხრიდან ზეწოლით როდია განპირობებული. კერძო სექტორის მხრიდან ასეთი არჩევანის მიზეზად კომპანიების მხრიდან თავის დაზღვევის სურვილი სახელდება. არადა, არათანაბარი კონკურენტული გარემო კერძო ლაბორატორიების ბაზრის დასუსტებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ალაპარაკდნენ ზემო ეშელონებში „ღვინის ლაბორატორიის“ გასხვისებაზე.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ, „სამტრესტის“ ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი თანამონაწილეობა ფონდში, რომელიც შპს „ღვინის ლაბორატორიის“ დამფუძნებელია, ხელს უშლის „სამტრესტს“, სრულფასოვნად და მიუკერძოებლად გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში და გადაჭრას დებულებით განსაზღვრული ამოცანები, რადგან „სამტრესტი“ ვალდებულია, კონტროლი განახორციელოს ალკოჰოლიანი პროდუქციის ხარისხსა და ლაბორატორიების მიერ გაცემული გამოცდის ოქმების სისწორეზე.