აქტუალური
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით მიიღოს ხელისუფლება - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ინიციატივაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

ახლა, ამ მომენტში არის საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზეც ფართო კონსენსუსი არსებობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის. ეს ცვლილება ითვალისწინებს პირველ რიგში 120/30 განაწილების შემოღებას. რაც ნიშნავს, რომ 120 დეპუტატი მომავალ პარლამენტში იქნება პროპორციული სიით დაკომპლექტებული, ხოლო 30 დეპუტატი მომავალ პარლამენტში იქნება მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული. მეორე საკითხი, რაც ასახულია ამ ცვლილებებში, ეს არის ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ გადალახავს ერთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ვერ შეძლებს, რა თქმა უნდა, თავისი წარმომადგენლების შეყვანას პარლამენტში. ეს ეხება ასევე ბლოკსაც, თავისი მულტიპლიკატორით. ბლოკზე არის კონკრეტული ჩანაწერი, თუ პარტიები გადაწყვეტენ, ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ საპარალამენტო არჩევნებში, მაგ შემთხვევაში, მათთვის ბარიერი იქნება იმდენჯერადი, რამდენი პოლიტიკური პარტიაც გაწევრიანდება ბლოკში. მაგალითად, თუ ბლოკში იქნება ოთხი ან ხუთი პოლიტიკური პარტია, მას მოუწევს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით მიიღოს ხელისუფლება.

კიდევ ერთი საკითხი არის გადაუნაწილებელი მანდატები. გაუნაწილებელი მანდატები ამ ინიციატივის მიხედვით, განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ასევე 40 პროცენტიანი ჩამკეტი. მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, თითქოს მმართველ პარტიას სურს 40 პროცენტზე ნაკლებით მიიღოს ხელისუფლება და სრული ლეგიტიმაცია. ჩვენ არასოდეს გვითქვამს ასეთი. მეტიც, 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით და რასაკვირველია, ჩვენ ამას ვეთანხმებით. მეტიც, ეს ავსახეთ ამ ცვლილებებში, სადაც წერია, რომ პოლიტიკური პარტია, თუ 40 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის ხელისუფლებას, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და უმრავლესობას ვერ შექმნის პარლამენტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ასახულია პაკეტში, თუმცა არის ბევრი კითხვა, არის პასუხებიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.