საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაისში, წლიური ინფლაცია 6.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ტრანსპორტის ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14.7%-ით გაიზარდა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზეა მომატებული:
ხილი და ყურძენი – 47.1%;
რძე, ყველი და კვერცხი – 24.6%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 13.5%;
თევზეული – 17.1%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.5%;
ზეთი და ცხიმი – 13.1%;
ყავა, ჩაი და კაკაო – 13.9%.
საქსტატისვე ინფორმაციით, ტრანსპორტის კატეგორიაში ფასები 4.6%-ით შემცირდა (ფასები 6.9%-ით შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი – ძირითადი გავლენა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების (4.3%-იანი მატება), ჯანმრთელობის დაცვისა (1.3%-იანი მატება) და ტრანსპორტის (2.4%-იანი კლება) ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია.
civil.ge