სააღდგომოდ სურსათი კიდევ გაძვირდება
მოსახლეობა სააღდგომოდ აგრარულ ბაზრებში პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებას ელის. ამას არც ექსპერტები გამორიცხავენ. მათი თქმით, ასეთ სადღესასწაულო დღეებში ფასების მატება ჩვეული პროცესია. ფასების ცვლილება განსაკუთრებით აისახება კვერცხზე, ხორცსა და პასკაზე. საკონდიტრო კომპანიები ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ადასტურებდნენ, რომ პასკაზე ფასები შარშანდელთან შედარებით მომატებული იქნება.
„დღესასწაული სურსათის გაძვირების უმნიშვნელო სტიმულატორია. ფასის ზრდა ამა თუ იმ პროდუქტზე მოკლევადანია. დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ფასები ისევ ძველ ნიშნულს უბრუნდება ხოლმე, მაგრამ, ჩვენ შემთხვევაში, ეს ნაკლებად ხდება. წლიურმა ინფლაციამ თითქმის 14%-ს მიაღწია, რაშიც დიდი პროცენტული წილი სურსათის გაძვირებას უკავია. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში, არამედ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აგრარულ პროდუქციაზე ფასების ზრდა მოსავლიანობის შემცირებამ და იმპორტის ზრდამ გამოიწვია. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. არასასურსათო პროდუქციის გაიაფება მოსახლეობისთვის შეღავათი არ არის, სურსათზე ფასების ზრდა გრძელდება და სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ“, – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის ანალიტიკოსი გიორგი ბუხრაშვილი.