საზოგადოება
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ლადო ქირია გვატყობინებს: „ზუგდიდში გარემოვაჭრეებს ასეულობით ლარის პროდუქტი წაართვეს“

zugdideli_movachrebi„მიუხედავად წვიმიან-სუსხიანი ამინდისა, ზუგდიდის გამგეობის წინ რამდენიმე დღეა, იკრიბებიან გარემოვაჭრეები, მაგრამ მათი განმკითხავი არავინაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე ქობალიას განკარგულებით, ცენტრალური სუპერმარკეტის (ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი) მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა გარემოვაჭრე აყარეს, რომელთაც ესეც არ აკმარეს და კუთვნილი პროდუქტებიც წაართვეს. გარემოვაჭრეთა განცხადებით, მათ ასეულობით ლარის ღირებულების კარტოფილი და სიმინდი წაართვეს, რომლებიც, თურმე, უმწეოთათვის განკუთვნილი სასადილოსთვის ჩაუბარებიათ. გარემოვაჭრეები, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, პირველ რიგში, მოითხოვენ მათი კუთვნილი წართმეული პროდუქტების დაბრუნებას, შემდეგ კი – ვაჭრობის ნებართვას, რადგან მათ სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ ლუკმაპურის საშოვნელად. დაზარალებულთ ხელისუფლებიდან და ოპოზიციური პარტიებიდან არავინ გამოხმაურებია.

კახა მიქაია, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც შეეძლო მათი ინტერესების დაცვა, ზუგდიდში არ იმყოფება“.