პოლიტიკა
ვარშალომიძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა

levan_varshalomidzeაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთელი შემადგენლობა, ახლად დანიშნული ხელმძღვანელის – ბაჩუკი ჩხეიძის ჩათვლით, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საქინფორმი დეტალების გასარკვევად დეპარტამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჟა დიასამიძის გარდა, ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია, დიასამიძე კი უწყების უფროსის მოვალეობას ასრულებს.

რაც შეეხება ვარშალომიძის ამ გადაწყვეტილების მიზეზს, სააგენტოს ის უწყების პრესსამსახურში არ დაუკონკრეტეს. მიზეზს არ აკონკრეტებს არც ვაჟა დიასამიძე, რომელიც მხოლოდ იმას აცხადებს, რომ დეპარტამენტის ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.

შეგახსენებთ, რომ ბაჩუკი ჩხეიძეს დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი მიმდინარე წლის 12 იანვრიდან – უწყებაში საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდეგ ეკავა.