საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. "წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
მან მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა.
"დღეს, წირვის დროს, ისეთი მძიმე იყო ლოცვა, მძიმე კი არა, რთული, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს, რომ მშვიდობით დამთავრდა წირვა.
წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებლი. წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთმოქმედი. ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას.
წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში, ერთი – ზამთარში და ერთი – ზაფხულში.
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. დღეს მთელ საქართველოში აღვავლენთ ლოცვებს წმინდა ნინოსადმი. ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზით, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს.
წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია. მინდა, გიამბოთ ის შემთხვევა, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა. უფროსი ძმა თეიმურაზი ავად იყო, სარეცელზე იწვა, ოთახში მეტი არავინ იყო – ჩემი ძმა იწვა და მე ვიყავი. თეიმურაზი მეუბნება: „ირაკლი“. „რა-მეთქი?!“ – „შეხედე, ვინ მოვიდა ჩვენთან!“ – „ვინ-მეთქი?!“ და მპასუხობს: „წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო“. ასე რომ, წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს.
შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა.
სხვა მრავალი შემთხვევაც იყო, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. და აი, დღეს, როცა ასეთი რთული პირობებია, როცა უჭირს ხალხს, სულიერად უჭირს, სთხოვეთ წმინდა ნინოს: „წმინდაო მოციქულთა სწორო, დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!“
ჩვენთან არს ღმერთი! წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს, ამინ!", - აღნიშნა ილია მეორემ.