საზოგადოება
„NDI“-ს გამოკვლევები მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეშფოთებულია ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით

ndi22საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა („NDI“), როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 6 პრილს წარუდგენა მედიას. კვლევის თემა ასეთი იყო: „საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური გარემოს მიმართ საქართველოში“.

კვლევა 4-დან 17 მარტამდე საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა 2 893 ინტერვიუერის წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ მხოლოდ მედიასაშუალებები, ისიც – შერჩევით.

შვედეთის განვითარების სააგენტოს („SIDA“) მიერ დაფინანსებული „NDI“-ს კვლევები კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრმა („CRRC“) ჩაატარა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

რესპონდენტთა მხოლოდ 35 პროცენტმა განაცხადა, რომ საქართველო „ნამდვილად“ ან „ძირითადად“ სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეს მაჩვენებელი, ივლისში ჩატარებული ანალოგიური კვლევის თანახმად, 51 პროცენტს შეადგენდა, რაც თითქმის უცვლელად იყო შენარჩუნებული 2009 წლის დეკემბრიდან.

თუმცა ბოლო რვა თვის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველო საერთოდ არ იცვლება“. ივლისში ჩატარებული კვლევის დროს ასეთი პასუხი გამოკითხულთა 15 პროცენტმა გასცა, ხოლო მარტში ეს რიცხვი 37 პროცენტამდე გაიზარდა.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რესპონდენტთა შეშფოთების მთავარ საგნად რჩება.

კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხის სათავეშია; მას მოსდევს ფასების ზრდა. ეს უკანასკნელი ივლისში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებენ, კვლავ იკლებს. თუ 2009 წლის დეკემბერში ჩატარებულ მსგავს კვლევაში ეს მაჩვენებელი 49 პროცენტი იყო, 2010 წლის ივლისში ის 45 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო 2011 წლის მარტში – 38 პროცენტამდე.

რესპონდენტთა 55 და 62 პროცენტი, შესაბამისად, თვლის, რომ სამუშაო ადგილების შექმნისა და ინფლაციის პრობლემებს პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს პოლიტიკოსები საკმარისად განიხილავენ.

რესპონდენტთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ, 2008 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, დასაქმების კუთხით ვითარება გაუარესდა; 55 პროცენტი კი გაუარესებას ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით აღნიშნავს.

რესპონდენტთა 44 პროცენტის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის; 39 პროცენტი კი თვლის, რომ არის; ხოლო 17 პროცენტმა არ იცის, ქვეყანაში დემოკრატია არის თუ არა.

თუმცა ამ საკითხზე დადებით და უარყოფით პასუხებს შორის ივლისში დაფიქსირებული 13-პროცენტიანი სხვაობა მარტში 5 პროცენტამდე შემცირდა.

ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობის აღქმით, დემოკრატია, უპირველესად, ნიშნავს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას (48 პროცენტი), შემდეგ მოდის, ზოგადად, თავისუფლება (45 პროცენტი), კანონის წინაშე თანასწორობა (40 პროცენტი), ადამიანის უფლებათა დაცვა (32 პროცენტი), სამუშაო ადგილები (24 პროცენტი) და სამართლიანი არჩევნები (18 პროცენტი).

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 60 პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 34 პროცენტი კი საპირისპიროს ფიქრობს.

გამოკითხულთა უმრავლესობა (42 პროცენტი) საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად განათლების რეფორმას ასახელებს, თუმცა მხოლოდ 25 პროცენტი მოელის, რომ ამ მიმართულებით მომდევნო 6 თვის განმავლობაში რაიმე განხორციელდება; შემდეგ მოდის საგადასახადო რეფორმა 33 პროცენტით; საარჩევნო რეფორმა – 31 პროცენტით; სასამართლოს რეფორმა – 29 პროცენტით. მედიის რეფორმას პრიორიტეტულად მხოლოდ 8 პროცენტი ასახელებს.

ბოლო კვლევის თანახმად, 71 პროცენტამდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც „სრულად“ ან „ძირითადად“ მხარს უჭერენ ქვეყნის ნატოში გაწევრებას. ივლისში ჩატარებული კვლევის დროს ეს მაჩვენებელი 65 პროცენტი იყო. 51 პროცენტმა არ იცის, როდის მოხდება ალიანსში ინტეგრაცია, ხოლო 34 პროცენტი იმედოვნებს, რომ ეს 2013 წელს ან შემდგომ წლებში განხორციელდება.

რესპონდენტთა 49 პროცენტი, ივლისში დაფიქსირებული 59 პროცენტის ნაცვლად, თვლის, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში „ნაწილობრივ“ ან „სრულად“ მიუღებელია, საწინააღმდეგო აზრისაა 38 პროცენტი, ხოლო 12 პროცენტმა არ იცის.

გამოკითხულთა 71 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. ამასთან, 74 პროცენტი რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას მისაღებად მიიჩნევს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 55 პროცენტს, ასევე, მისაღებად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლების თხოვნა – დასავლეთმა გაზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა.

თუმცა რუსეთთან დიალოგის მომხრეა გამოკითხულთა 74 პროცენტი. ამასთან, გამოკითხულთა 28 პროცენტისათვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში,12 პროცენტისათვის – მისაღებია, 26 პროცენტისათვის – ნაწილობრივ მისაღებია, 12 პროცენტმა თავი შეიკავა პასუხისაგან.