პოლიტიკა
ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა, როდესაც ეს ცენტრი ასე კარგად მუშაობს და ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ჩვენ ხომ ვიცით, საზოგადოების დამოკიდებულება. ალბათ, მათ არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების აზრი, რაც ორმაგად სამწუხაროა. რაც შეეხება რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტს, ჯერ არ ჩამოსულან და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები გვესმის და წარმოიდგინეთ, ისეთ რეჟიმში რომ მივიღოთ, რასაც ითხოვენ, მაშინ რას იტყვიან და დაწერენ. ამიტომ, ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, რომ თუ ასეთი ვიზიტი შედგება, ის უნდა შედგეს ისე, როგორც ეს კონვენციით არის გათვალისწინებული.

ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ საქართველო გახლავთ ბიულოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, ამ კონვენციის ფარგლებში მივიღოთ უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ მექანიზმებითა და სტანდარტებით, რომელიც ამ კონვენციით არის გათვალისწინებული, კონვენციის სხვა ქვეყნის ექსპერტებთან ერთად - ანუ მრავალმხრივ ფორმატში.

სხვათა შორის, ამის შესაძლებლობა რუს ექსპერტებს 2018 წელს ჰქონდათ, როდესაც მოწვეული იყვნენ საერთაშორისო წვრთნებზე, რომელიც ჩაატარა ლუგარის ცენტრმა, თუმცა არ ჩამოვიდნენ. ვიმეორებთ, რომ ეს შესაძლებლობა დღის წესრიგში ჩნდება, მაგრამ ამ სტანდარტების გათვალისწინებით.

დღეს, როდესაც პანდემიას ვებრძვით, ლუგარის ცენტრი არის უმნიშვნელოვანესი. როდესაც რუსეთიდან, ან სხვა ქვეყნიდან მოდის ამ ცენტრის კრიტიკა, ეს ცალსახად უარყოფითად აღიქმება ჩვენთან. ძალიან სამწუხაროა რუსეთის საგარეო უწყების ეს განცხადება, როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნები დამოუკიდებლობის დღესასწაულს გვილოცავდნენ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე. აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.