„რეგიონებში დღეს არსებული უკიდურესად მძიმე სოციალური ფონი, სოფლების აბსოლუტურად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების, კომუნიკაციების სფეროში არსებული პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს, ბიუჯეტების ხარჯვისას, პირველ რიგში, საკუთარი უფლებამოსილებები გაითვალისწინონ და არ აიღონ თავიანთ თავზე დამატებითი ფუნქციები. მიუხედავად ამისა, საქართველოს რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებშიც ოპოზიცია საკმაოდ მწირად არის წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნას და ხალხის დაკვეთას არ ასრულებენ“, – აღნიშნა ასათიანმა.
მისივე თქმით, „ბათუმის, ქუთაისის, ჩხოროწყუს, ასპინძის, წალენჯიხის, ხონისა და ვანის რაიონების თვითმმართველობებმა სურსათსა და ძირითად სამომხმარებლო საგნებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილი დაფინანსების პრობლემის მოგვარების ნაცვლად, არჩიეს, ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე გასულიყვნენ ფონს და 20-50%-ით გაეზარდათ საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი და ეს იმ ფონზე, როდესაც ისინი საკმაოდ ხელგაშლილნი აღმოჩნდნენ პოლიციისა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მიმართ“.
ამასთან, ასათიანმა აღნიშნული თვითმმართველობების 2011 წლის ბიუჯეტებში განათლების დაფინანსებისა და პოლიციისთვის, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის გამოყოფილი ხარჯების თანაფარდობაც წარმოადგინა, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორ ეკიდებიან საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას.