უცხოეთი
პუტინის მომჩივანი ჩუვაშეთის ყოფილი თავკაცი საავადმყოფოში მოხვდა

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ჩუვაშეთის რესპუბლიკის ყოფილი თავკაცი, მიხაილ იგნატიევი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში, საავადმყოფოში აღმოჩნდა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, დიაგნოზის თანახმად, მას ორმხრივი პნევმონია აქვს და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში შესაბამის სისტემაზეა მიერთებული.

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩუვაშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხაილ იგნატიევმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან 2020 წლის 29 იანვარს დაითხოვა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება.

„ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ნომერ 68 განკარგულების გასაჩივრების შესახებ“, - წერია რუსეთის უზენაესი სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული საქმეების სასამართლოს კოლეგიას.

ვლადიმირ პუტინმა 29 იანვარს დაითხოვა თანამდებობიდან ჩუვაშეთის რესპუბლიკის გუბერნატორი, ნდობის დაკარგვის ფორმულირებით.

უმუშევრად დარჩენილი მიხაილ იგნატიევი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა იგი კანონის დარღვევით გაათავისუფლა თანამდებობიდან.

რუსეთის კანონმდებლობით, ნდობის დაკარგვის გამო გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მხილებული იქნება კორუფციულ დანაშაულსა და ინტერესთა კონფლიქტში და მის მიმართ დადგება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი პუტინის განკარგულების გაუქმების შესახებ, მაგრამ უარი უთხრა მოსარჩელეს კომპენსაციის საკითხის განხილვაზე.

საქმის განხილვა 30 ივნისისთვის არის დანიშნული.

radiotavisupleba.ge