სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე პაატა სულაბერიძე თანამდებობიდან გადადგა.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, სულაბერიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
უწყების განმარტებით, მინისტრ კალმახელიძეს სულაბერიძის თანამდებობიდან წასვლა არ სურდა, თუმცა განცხადება დააკმაყოფილა. სულაბერიძემ კი მინისტრის მოადგილის თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლის არგუმენტით დატოვა.მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია და ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს სულაბერიძის ადგილს.
აღსანიშნავია, რომ სულაბერიძე სამინისტროში ფინანსების გარდა, ჯანდაცვის სფეროს კურირებდა, რომელიც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში საკმაოდ მძიმედ არის აღწერილი. თუმცა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სულაბერიძის გათავისუფლებას ომბუდსმენის ანგარიშთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მართალია, სამინისტრო უარყოფს სულაბერიძის კავშირს ტუღუშის ანგარიშთან, მაგრამ მკითხველისთვის, ალბათ, კარგად არის ცნობილი იმ მავნე ტრადიციის შესახებ, როდესაც მაღალი რანგის ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ქვედა ეშელონების თანამდებობები ეწირება. პენიტენციარულ სისტემასთან მიმართებაში ტუღუშის ანგარიში ისეთი ფაქტებითაა გაჯერებული, რომ არათუ მიზანშეწონილი, აუცილებელიც კი იქნებოდა ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ვინაიდან „ტრადიციების მოყვარული“ საქართველოს შემთხვევაში ასე არ ხდება, ალბათ, არ არის გამორიცხული, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სწორედ ზემოხსენებულ მავნე პრაქტიკასთან გვქონდეს საქმე.