პოლიტიკა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის მერს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟისთვის ვადა დაუწესა

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერი ზაურ დარგალი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის უკანონო რესტავრაციაში დაადანაშაულა.

რესტავრაცია არ იყო შეთანხმებული არც არქიტექტურის სამსახურთან, არც ზედამხედველობასთან, არც შესაბამის სამსახურებთან. უბრალოდ, ინიციატორი, რამდენადაც მე ვიცი, იყო მერი და ესე, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით მოხდა ძეგლის რესტავრაცია და მარმარილოთი შემკობა“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

მარნეულის მერი ზაურ დარგალი უკვე ორი დღეა რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს. ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი.

24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი... მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს თუ რა ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.