საზოგადოება
მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯს ზოგიერთი პოლიტიკოსის შეწყალებასთან დაკავშირებით - ჯორჯ კენტი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. როდესაც საკითხები წამოიჭრება და არსებობს წუხილები საინვესტიციო კლიმატის, ინსტიტუციების სიძლიერისა და კანონის უზენაესობის შესახებ, მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხები, როგორც მეგობრებმა ერთად განვიხილოთ, გულწრფელად შევაფასოთ ვითარება და ვიმუშაოთ მისი გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ „ქრონიკისთვის“ ვაშინგტონში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა განაცხადა.

კორესპონდენტ დემნა დევდარიანთან, დიპლომატმა ამერიკის პოლიტიკის წარმოების პროცესში კონგრესის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. კენტის თქმით, ის და მისი გუნდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის დიდი მხარდამჭერები იყვნენ. დიპლომატი მიესალმა სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალების ბოლო აქტს და 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

მნიშვნელოვანია ქართველებს ესმოდეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიაში კონგრესი ასრულებს პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელ როლს და ჩვენი სისტემისა და კონსტიტუციის მიხედვით, კონგრესი წარმოადგენს სახელმწიფოს ნომერ პირველ შტოს. სწორედ კონგრესი გასცემს იმ მილიარდობით დოლარს დახმარებების სახით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, და მას ასევე აქვს ზედამხედველობის ფუნქცია, ამიტომ როდესაც კონგრესმენი კითხვით მოგვმართავს ამა თუ იმ პროგრამის შესახებ, მას აქვს უფლება, მიიღოს პასუხი. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას აქტიური დიალოგი აქვს კონგრესის არაერთ წევრთან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ნახვა სურთ. როდესაც საკითხები წამოიჭრება და არსებობს წუხილები საინვესტიციო კლიმატის, ინსტიტუციების სიძლიერისა და კანონის უზენაესობის შესახებ, მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხები, როგორც მეგობრებმა ერთად განვიხილოთ, გულწრფელად შევაფასოთ ვითარება და ვიმუშაოთ მისი გაუმჯობესებისთვის. რა თქმა უნდა, გვსურს ქართული ეკონომიკის აყვავება და ვფიქრობთ, რომ ამ აყვავებაში ამერიკულ კომპანიებსაც აქვთ შესასრულებელი თავიანთი როლი. ფასილიტატორების როლში, პარტიებს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის ძალიან დიდი მხარდამჭერები ვიყავით, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ნაბიჯს ზოგიერთი პოლიტიკოსის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული დისკუსიების საგანი იყო. 8 მარტის შეთანხმებას ორი ნაწილი ჰქონდა, პირველი ეს იყო თამაშის წესებზე შეთანხმება, და მეორე ნაწილი, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკოსთა საქმეებს, რომელთა მიმართაც სასამართლო, საგამოძიებო წარმოება არსებობდა. ვფიქრობ, ყველა ჩართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ დაიცვან 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.