საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ქართულ-რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დიასპორების საქმეების დეპარტამენტის ინიციატივით რუსეთში ქართული გაერთიანებების ერთიან ბაზა იქმნება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.
თავად დიასპორების საქმეთა დეპარტამენტი ახლახანს შეიქმნა - მაისის დასაწყისში. მისი მიზანია გააერთიანოს ქართველები და საქართველოდან წასული ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამასთან, დეპარტამენტი ეხმარება რუსული დიასპორული ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში.
„ეს ბაზა საშუალებას მოგვცემს არამარტო შევიტყოთ ერთმანეთის შესახებ, არამედ უფრო აქტიური ერთობლივი თანამშრომლობა დავიწყოთ“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
ბაზაში მოსახვედრად ელექტრონულ მისამართზე info@rusgeo.org უნდა გაიგზავნოს შემდეგი მონაცემები: ორგანიზაციის დასახელება, ხელმძღვანელობის შემადგენლობა, საკონტაქტო მონაცემები.
რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი 2015 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. მასთან სამი დეპარტამენტი ფუნქციონირებს: რუსეთისა და საქართველოს სოციალურ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ახლადშექმნილი - დიასპორების საკითხების დეპარტამენტი.