საზოგადოება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 23 მაისს სრულდება. პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი ხვალ, 22 მაისსაც იმოქმედებს და 23 მაისიდან მოიხსნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, კომენდანტის საათი.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, საჭიროა ელემენტარულ წესების დაცვა, რომლებიც „მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად, მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა.

ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული“, – დასძინა გიორგი გახარიამ.