საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. პარლამენტმა საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით კანონპროექტი პირველი მოსმენით (77 მომხრე) დაამტკიცა.
„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
აღსანიშნავია, რომ ეს შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება. ამასთან, საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.
„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის 1-ლი მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.
კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შედეგად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირების შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.