საზოგადოება
ზურაბიშვილი: სააკაშვილის დანიშვნაზე ჩვენი რეაქცია სრულიად ნორმალური და მოზომილი იყო

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასა და საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე ისაუბრა.

კითხვაზე, უღირდა თუ არა საქართველოს სააკაშვილის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვა, პრეზიდენტი პასუხად აცხადებს, რომ "პირიქით არის კითხვა დასასმელი".

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, ელჩის გამოძახების ჩათვლით, "სრულიად ნორმალური" იყო:

"ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, მე დიპლომატიური ენა ვიცი და რა შეიძლება და არ შეიძლება. იყო მოზომილი, ნორმალური რეაქცია, რაც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში. ეს არ არის გაწყვეტა ურთიერთობების. [ელჩის] გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია".

კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა საქართველოს შეურაცხყოფა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "არაინფორმირებულობა იყო არადიპლომატიური".

"ამ დროს ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ და ვიცი, რომ ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, ის ხო არ არის, ვიღაცა?! გაფრთხილება და ინფორმირება არის როგორც მინიმუმი, ორ ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა. ასე რომ, მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული, უკვე არსებობდა ის ფაქტორი, თქვენ რომ აღნიშნეთ და მე მის სახელს რომ რაც შეიძლება ნაკლებად ხშირად ვხმარობ, ეს ფაქტორი უკვე მოქმედებდა უკრაინის ხელისუფლებაზე და ამან უკვე ეს ურთიერთობა დაძაბა წინასწარ", - ამბობს ზურაბიშვილი.

"დაველოდოთ მომავალს, რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლება, რომ ჩვენთან ჰქონდეს ის ნორმალური ურთიერთობები, რომლებიც გვჭირდება", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული მხარის შეცდომად შეაფასა.

განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სამინისტროს ცნობით, ელჩის გამოძახებას მეგობარი ქვეყნების ურთიერთობისთვის საფრთხედ არ აღიქვამენ.