აქტუალური
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 11-დან 9 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

24 საათში დაგვემატა 11 შემთხვევა და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანრთელებული 19 დაგვემატა და გვყავს 475. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. 11 ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა, 9 არის ბოლნისის ორი სოფლიდან - გეტა და მუშევანი, ესენი არიან არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, 2 შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი. ამ 11-დან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ. “გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა. მძიმე პაციენტის სპექტრი არ შეცვლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, უკვე რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, ალბათ, პროგნოზზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს, მაგრამ დაველოდოთ კვკლავ მოვლენებს. მეორე პაციენტი ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მისი მდგომარეობა არასტაბილურია, მას უტარდება მკურნალობა ყველა მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ დაემორჩილება მკურნალობას, პროგრესირება აღარ გამოვლენდება და მასთან გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.