უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი: პეტრო პოროშენკოს გასამართლება ჯერ კიდევ წინაა

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს გასამართლება ჯერ კიდევ წინაა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს გამამტყუნებელ განაჩენს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წინაა. ჩემი აზრით, ისინი ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ მომავალში ძალიან ბევრი განაჩენი ელოდებათ. არ მსურს ამაზე მეტი საუბარი, ვინაიდან განაჩენების გამოტანა არა ჩემი, არამედ სასამართლოს საქმეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებზეც სავარაუდოდ, პეტრო პოროშენკოს და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საუბარია აღბეჭდილი.

„ეს არაა ბოლო ჩანაწერი, რომლის შესახებაც უკრაინელებისთვის გახდება ცნობილი. ამაზე რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის უზენაესი რადის დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა გამოაქვეყნა რამდენიმე სატელეფონო საუბარი, რომელში მონაწილეთა ხმები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხმებს ჰგავს. დერკაჩი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები „საერთაშორისო კორუფციის და უმაღლეს დონეზე სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებაა“.

imedinews.ge