საზოგადოება
გიორგი გახარია - საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან ყველას ხელთ ექნება ის ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას, იმისთვის, რომ ხვალიდან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.

გუშინ მე მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყნებში, ყველას ვესაუბრებით, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, კარგად მიდის მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ აღნიშნული პროტოკოლებით იხელმძღვანელონ.

ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და აქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად.

ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად და კიდევ ბევრი რამ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენც უკვე შეგეძლებათ, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის სააგენტოდან ეს პროტოკოლები წაიღოთ და ნელ-ნელა, ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ამ პროცესში ჩაერთოთ, იმისთვის, რომ მზადება დაიწყოთ, რადგან უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ერთდროულად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მიიღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, გაძლიერდეს.

მესმის, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მთავარია, რომ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე გააჩნდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, უნდა შეგვეძლოს, სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.