პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა სოფლის და ფერმერების მხარდაჭერას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს და პრემიერ-მინისტრი კახეთში ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყვარელში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოს „Georgia’s Natural-ის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში, რომელიც ორგანულ პროდუქციას ამუშავებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები პირდაპირი დახმარების გარდა, აგრარულ სექტორს საშუალებას აძლევს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წვდომა ჰქონდეს ფინანსურ რესურსზე, რაც მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარება.

გიორგი გახარიას თქმით, ყვარელში მოქმედი ხილის გადამამუშავებელი საწარმო კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამების გამოყენება მაღალი სტანდარტის და ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის, რაც კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საწარმო Georgia’s Natural-ში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების შედეგად წვენებს, სოუსებს, კონსერვებსა და გაყინულ ხილს აწარმოებს, 40 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციის სრული მოცულობა 2 582 265 ლარია.