აქტუალური
გიორგი გახარია - ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. რა ირანულ ნავთობზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ. ეს არის ამ ყველაფრის უკან. ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც თუნდაც ეს შიდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა ცადონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველო არის ის ქვეყნა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის ისეთ მაღალ დონეზე, როგორც არასდროს ყოფილა.

საქართველო არის ის ქვეყნა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება. ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა დღეს არის ისეთ დონეზე, როგორც არასდროს. ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა, ჩვენი ზომის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და ინტერესების გათვალისწინებით და მაშინ უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ თქვენ როდესაც მე კითხვას მისვამთ და დათვალოთ - რამდენი ანგარიში იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ და ა.შ. და ამ ჭორებს თავი უნდა დაანებოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-სთან თანამშრომლობას და მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში კითხვის ნიშნის ქვეშ ვერაფერი დააყენებს.

საქართველოს მოქალაქეების 70 %-ზე მეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს ქვეყანა და დღევანდელი მთავრობა ამისთვის აკეთებს ყველაზე მეტს, ვიდრე აქამდე გაკეთებულა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.