პოლიტიკა
ოპოზიციური „რვიანის“ ახალი წინადადებები საარჩევნო რეფორმის თაობაზე

alasaniaaრვა ოპოზიციურმა პარტიამ 5 აპრილს საარჩევნო სისტემაზე ახალი შეთავაზებები წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ფორმირების საკითხთან ერთად, ამ თემის პრიორიტეტულ განხილვას მოითხოვს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.

ოპოზიციური „რვიანის“ ახალი წინადადებები საარჩევნო სისტემის ორ ალტერნატიულ მოდელს მოიცავს, რომლებიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების პრინციპს ეფუძნება, როგორც ამას მმართველი პარტია მოითხოვს.

პირველი მოდელის თანახმად, არსებული 150-წევრიანი პარლამენტის ნახევარი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა, როგორც ეს ახლა არის, მაგრამ კანდიდატი რომ გამარჯვებულად გამოცხადდეს, მას ამჟამად საჭირო 30 პროცენტის ნაცვლად, ხმათა 50 პროცენტზე მეტის მიღება დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება. ამასთან, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის უფლება, ოპოზიციის წინადადების შესაბამისად, უნდა ჰქონდეს მხოლოდ პარტიას და არა საინიციატივო ჯგუფს, რასაც მმართველი პარტია ეუთოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით უჭერს მხარს.

ამავე მოდელის თანახმად, პარლამენტის მეორე ნახევარი პროპორციული, პარტიული სიით დაკომპლექტდება, მაგრამ აქ შემოდის ერთი პირობა, რომელიც მოწოდებულია, არ დაუშვას ისეთი სიტუაცია, რომ პარტიამ პარლამენტში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობის მოგების ხარჯზე იმაზე მეტი ადგილი აიღოს, ვიდრე ეს მის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ხმებს შეესაბამება. ამ პრინციპის მიხედვით, პროპორციულ არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი განსაზღვრავს ამა თუ იმ პარტიის მანდატების – როგორც მაჟორიტარულის, ისე პარტიულის – ერთობლივ რაოდენობას პარლამენტში.

მაგალითად, დღეს მოქმედ პარლამენტში მმართველ პარტიას 119 ადგილი აქვს – 71 ადგილი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად მოპოვებული და 48 – პროპორციულ არჩევნებში მიღებული 59.18-პროცენტიანი მხარდაჭერის საფუძველზე. 119 ადგილი პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 79.3 პროცენტია, ანუ დაახლოებით 20 პროცენტით იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო.

ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელის პირობებში, 2008 წელს მმართველი პარტია 150-წევრიან პარლამენტში 79.3 პროცენტის ნაცვლად, მხოლოდ 59.18 პროცენტის, ანუ, დაახლოებით, 89 დეპუტატის გაყვანას შეძლებდა.

ოპოზიცია თვლის, რომ არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს პარლამენტში ადგილების სამართლიან გადანაწილებას. შესაბამისად, მათი წინადადება ითვალისწინებს, რომ თუ 2008 წლის არჩევნების მსგავსი შედეგი დადგება და რომელიმე პარტია იმაზე მეტ ადგილს მოიპოვებს მაჟორიტარების ხარჯზე პარლამენტში, ვიდრე ის იმსახურებს პროპორციული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ამ პარტიას უნდა ჩამოაკლდეს პროპორციული არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები.

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მეორე ვარიანტის მიხედვით, პარლამენტის 2/3 აირჩევა პროპორციული სისტემით; ხოლო 1/3 – ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით. ეს ნიშნავს, რომ 100 წევრი პარტიული სიით უნდა იქნეს არჩეული, ხოლო 50 – მაჟორიტარული წესით, დღეს მოქმედი 75/75-ზე თანაფარდობის ნაცვლად. ეს ვარიანტი არსებული 75 მაჟორიტარული ოლქის საზღვრების გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში.

რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ორივე ეს მოდელი საარჩევნო სუბიექტების მიერ მთელ საქართველოში მიღებული ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს.

მეორე პრინციპი, რასაც „ოპოზიციური რვიანი“ მოლაპარაკებების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს, არის „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, ანუ ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე ფორმირება მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ თბილისში, რაც მმართველი პარტიის პოზიციაა.

რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ისინი მზად არიან, გაგრძელდეს ყველა იმ დანარჩენი საკითხის განხილვა, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა წამოჭრა.

საარჩევნო რეფორმაზე დადგენილი ფორმატით მოლაპარაკებების აღდგენამდე, რის ჩაშლაც, „რვიანის“ განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რვა ოპოზიციური პარტია მზად არის, ინდივიდუალური კონსულტაციები გამართოს პროცესის ყველა მონაწილესთან.