სამართალი
საქართველოში 11 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა - საქართველოს საგარეო უწყება

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ სამშობლოში 11 880 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება ადგილზე 20 880 მოქალაქეს აღმოუჩინეს.

მსოფლიოში საშიში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

უწყების ცნობით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.