სამართალი
მმართველი პარტია და ოპოზიცია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმაურება

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა.

სამოქალაქო საქართველო“ საკითხის შესახებ პოლიტიკოსების განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.

პრეზიდენტის განცხადებიდან მალევე, ქართული ოცნების ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, შესაძლოა, პრეზიდენტს „კრიმინალების“ შეწყალების დროს, „პრაგმატული მოსაზრებები“ ან კეთილშობილური გათვლები ჰქონდა, თუმცა პარტიაში არ ფიქრობენ, რომ „ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას“ ქვეყნისთვის „რაიმე ტიპის“ პრობლემის შექმნა შეეძლო.

შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე, რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება, ამ ეტაპზე, ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ „ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ, მათი ყოფნა პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, პარტიას, უცხოეთიდან „ცალკეული პოლიტიკოსების“ მხრიდან „პოლიტკრიმინალების“ დასაცავი წერილები „არაერთგზის“ მიუღია, თუმცა „ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული“.

ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ესაა ერთადერთი სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისაკენ და ევროპული ტიპის ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისაკენ“, – აღნიშნა მანვე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ „პოლიტიკურ პატიმრებს“ უახლოეს დღეებში შეიწყალებდნენ. „კიდევ შეიწყალებენ დანარჩენებს, ვინც ჯერჯერობით არ გამოსულა“, – დასძინა მანვე.

დღეს არ ვაპირებ ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას. ყველანი ვხვდებით ხომ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა? ძალიან კარგია ქვეყნის განვითარებისთვის ეს ყველაფერი და აჩენს შანსს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.

პრეზიდენტის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება ქვეყნისთვის „კარგ“ გადაწყვეტილებად შეაფასა ევროპოული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და თქვა, რომ „ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი“. ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ „ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება გადაწყვეტილება დარჩენილი პატიმრის – გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ“.

როგორც კი გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა. ამას უკვე მოჰყვება შემდეგი ნაწილი – კენჭისყრა პარლამენტში [და] შეთანხმება შესრულდება“, – აღნიშნა მანვე.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმა. მანვე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით 8 მარტის შეთანხმებას იურიდიული ძალა მიანიჭა.

მედიასთან თავად გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმაც ისაუბრეს, რომლებმაც საპატიმრო დაწესებულებები უკვე დატოვეს.

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება. შესაბამისად ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში“, – უთხრა ჟურნალისტებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც „თვითდაზიანებას“ მიმართავს და ის „სახიფათოა ქვეყნისთვის“. უგულავასვე შეფასებით, „აქტიურობას და პრინციპულობას აქვს ფასი“ და შედეგს ყოველთვის გამოიღებს. უგულავამ საერთაშორისო საზოგადოების წნეხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „საქართველო არ არის მარტო და ქვეყანა არ არის ჩალით დახურული“.

ირაკლი ოქრუაშვილმა ყველა იმ ადამიანს, ვინც 8 მარტის შეთანხმების გაფორმებებით, მათ გათავისუფლებაში „დიდი წვლილი შეიტანა“, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ეს შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის“.

მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას [და] იმას, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“, – თქვა ოქრუაშვილმა.