7 ნოემბრის აქციების დროს დაკავებულს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
არასამთავრობო ორგანიზაციის – „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ – თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების დროს დაკავებულ სოსო ჯანდიერს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. კაკაბაძემ განაცხადა, რომ სოსო ჯანდიერმა საქართველოს ციხეებში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პოლიტიკური დევნის მოტივით ორი წელი და ერთი თვე გაატარა.
იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლიდა და შვეიცარიისგან თავშესაფარი მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ნანა კაკაბაძის ინფორმაციითვე, სოსო ჯანდიერი არცერთი პარტიისა და ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა. იგი ქვეყანაში არსებულ უსამართლობას აპროტესტებდა და აქციებში რიგითი მოქალაქის სტატუსით მონაწილეობდა, რის გამოც უკანონოდ დააკავეს.