საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისის შემდეგ გაყიდვაში უკვე სამეგრელოშია. ჟურნალის გამომცემელ „მარგალურ ნინაშ ასოციაციის“ [მეგრული ენის ასოციაციის] ინფორმაციით, „სქანი“ უკვე განთავსდა სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქებში:
ზუგდიდში - საკანცელარიო მაღაზია „პილოტში“, ხობში - სტალინის ქუჩაზე მდებარე პრესის ჯიხურში, ჩხოროწყუში - აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პრესის ჯიხურში, მარტვილიში-წიგნის მაღაზია ინტელექტში და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პრესის ჯიხურში.
„ამ ეტაპზე, სამწუხაროდ სხვა ქალაქებს ვერ მოვიცავთ, ამიტომაც, მათ ვისთანაც ფიზიკურად არ იყიდება ჟურნალი, შეუძლიათ მიმართონ ფეისბუქის მეშვეობით მაღაზიას შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro-ს, ვინც უზრუნველჰყოფს ჟურნალის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში“, - აცხადებს ასოციაცია. ჟურნალის ფასი 5 ლარია.
სიტყვა „სქანი“ ქართულად ითარგმნება, როგორც - შენი. მკითხველი ჟურნალში მეგრულ ენაზე გაეცნობა ისტორიის, სამეცნიერო თუ კულტურის თემებზე მომზადებულ სტატიებს. ასევე, მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებების თარგმანებს. ჟურნალს „მარგალურ ნინაშ ასოციაცია“ გამოსცემს, რომლის დამფუძნებლებიც გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე არიან.
„სქანი“ მარტის თვეში უნდა გამოსულიყო, თუმცა Covid-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო შეფერხდა. ჟურნალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი ქარჩავამ „ლაივპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა ჟურნალის შესახებ. აღნიშნა, რომ პირველ ნომერზე დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. გივი ქარჩავამ ინტერვიუში განაცხადა, რომ წლებია ასეთი ჟურნალის გამოცემის სურვილი აქვს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მუშაობის დაწყება, მხოლოდ ბოლო ერთი წელია, მეგობრებთან ერთად შეძლო.
დამფუძნებლების მიზანი მეგრულ ენაზე ზრუნვა და მისი გადარჩენაა.