აქტუალური
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. 12 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა გლობალური პანდემიის დროს რუსეთის მიერ გააქტიურებულ პროვოკაციებზე, საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის მორიგ შემთხვევებზე, მათ შორის, სოფელ ტახტისძირთან, ასევე მოსკოვის ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საქართველოს წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მოქმედებები მიმართულია ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისკენ მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიის დამარცხებისკენაა მიპყრობილი“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პირობებში.

აღინიშნა, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე. ქართულმა მხარემ კვლავ დაადასტურა მზაობა კონსტრუქციული ჩართულობის გაგრძელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სათანადო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის კუთხით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.