საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ელჩების მონაწილეობით გამართულ ოთხივე შეხვედრაზე მიიღო მკაფიო პასუხი, რომ პატიმრების გათავისუფლება ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა.
მისივე თქმით, პატიმრების საქმე რომ შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა, ამას ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებიც ადასტურებს.
„დეტალებიც იყო დაზუსტებული ჩვენს ბრიფინგში, რომელიც ჩაატარა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ. დეტალებში ვგულისხმობთ: პირველი – იყო სამი შეხვედრა, ამას დაემატა ბოლოს მეოთხე შეხვედრა, სადაც გაფორმდა შეთანხმება. ოთხივე შეხვედრაზე დაისვა ოპოზიციის მხრიდან ეს საკითხი, თუმცა ოთხივე შეხვედრაზე მათ მიიღეს მკაფიო პასუხი, მათ შორის, კონკრეტულად გვარების დასახელებით.
მკაფიო პასუხის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა პატიმრების გათავისუფლება ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს იყო ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა ოთხივე შეხვედრაზე.
გარდა ამისა, ჩვენ გავიხსენეთ ასევე მათი საჯარო განცხადებები, მათ შორის, ციხიდან გაკეთებული განცხადებები, ერთი უგულავასი და მეორე რურუასი, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ მათი პატიმრობა არ უნდა გამხდარიყო დაბრკოლება პროპორციული, მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების პროცესში.
ეს განცხადება გაკეთდა 8 მარტამდე სამი დღით ადრე. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. განცხადებები იყო საჯარო და ამას მოჰყვა შემდეგ დღეებში 5-ში, 6-ში, 7-ში მათი თანაგუნდელების განცხადებები, სადაც საუბარი იყო, რომ ისინი მიესალმებოდნენ უგულავას და რურუას განცხადებებს და ისინი ამბობდნენ, რომ ახლა მათ მიეცათ შანსი, პატიმრების საკითხის გარეშე გააფორმონ შეთანხმება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.
მეტიც, განცხადება გააკეთა როგორც ბოკერიამ, ასევე კაპანაძემ იმის თაობაზე, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდნენ პატიმრებით ვაჭრობის საშუალებას. წარმოიდგინეთ, მათ მიუღებლად გამოაცხადეს თვითონ, ხელშეკრულების ნაწილად ამ პატიმრების საკითხის ქცევა. ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს არის საჯარო განცხადებები, აქედან გამომდინარე საჯარო განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ისედაც ძალიან მარტივად ვამტკიცებთ ჩვენ, ამტკიცებს იმას, რომ პატიმრების საქმე ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.