აქტუალური
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 10,5 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 10560 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 19 879 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

უწყების ცნობით, 15 მაისს ამსტერდამიდან განხორციელდება ჩარტერული რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებას ის თანამემამულეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ პერიოდში აშშ-ში იმყოფებოდნენ – სტუდენტები, სამხედროები, ტურისტები და ასაკოვანი ადამიანები.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 317, გარდაიცვალა 11 პაციენტი.