პოლიტიკა
მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ ვიღაც რომ ამბობს, თითქოს ამ ადამიანების გათავისუფლება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ეს უპასუხისმგებლობაა - გახარია

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს მხარეები შეთანხმდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი და სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომელზეც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია და ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, გიორგი გახარიას შეფასებით, მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

ამ ქვეყანაში მე ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ და ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ სასამართლო პროცესები დასრულებულია და ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს   შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი, ან ვიღაც ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი საკითხები, რომელზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა აეღო და მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელი და შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო მონაწილეობა მიეღო. ეს არის ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი პოზიცია. ასე, რომ ვთვლი, რომ საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით პერსონალურად ჩემთვის მიუღებელია, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. კონკრეტულ სამართლებრივ კრიმინალურ საქმეებზე, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება - ან დადებითი, ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, ეს უბრალოდ შეუძლებელია და მოვუწოდებ ყველას, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, დაუკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.