საზოგადოება
ავტომატური დისკვალიფიკაცია სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გარეშე

vit-zestaეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „ვიტ ჯორჯიასა“ და ზესტაფონის „ზესტაფონს“ შორის გამართული მატჩის შემდეგ, იმერული კლუბის წამყვანმა ფეხბურთელმა ნიკოლოზ გელაშვილმა, მსაჯობით უკმაყოფილომ, მთავარი მსაჯის ასისტენტის მიმართ უხეშობა გამოიჩინა.
ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს, როგორ აგინებს ფეხბურთელი გვერდით არბიტრს. გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის შემდეგ ფეხბურთელს მთავარმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ფეხბურთელს ორი მატჩი უნდა გამოეტოვებინა. მოგვიანებით გავრცელებულ კომენტარში სილაგავა ირწმუნებოდა, რომ ფეხბურთელისთვის არც ყვითელი და არც წითელი ბარათი უჩვენებია, ოქმში კი ჩაიწერა, რომ გელაშვილი უდისციპლინოდ მოიქცა. „ზესტაფონის“ ფეხბურთელს ფეხბურთელის ბარათი ჩამოერთვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ხუთშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას. ხვალ კი, 7 აპრილს, ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრე იღებს სტარტს, ზესტაფონელებს კი მეზობელ ქუთაისში საკმაოდ პრინციპული მატჩი ელით „ტორპედოსთან“. დისკვალიფიკაციის გამო, გარდა გელაშვილისა, გუნდს მურთაზ დაუშვილი და ჯაბა დვალიც დააკლდებიან.
იბადება კითხვა: თუკი ფეხბურთელის მიმართ ოფიციალური სანქცია ჯერ არ გატარებულა და მას არ მიუღია ბარათი, რომელიც ავტომატურად გამოატოვებინებდა მომდევნო ტურებს, რატომ არ უბრუნებს მას ფედერაცია საკუთარ ბარათს და რატომ უნდა გამოტოვოს ეს შეხვედრა გელაშვილმა? ამ საკითხის გასარკვევად საქინფორმი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას დაუკავშირდა:

რეზო შენგელია: „ფეხბურთელი, მინიმუმ, ერთ მატჩს გამოტოვებს, სადისციპლინო კომიტეტი ხუთშაბათს შეიკრიბება და იქ გადაწყდება შემდეგ, რით დაისჯება ფეხბურთელი“.
– მას ხომ არ მიუღია ბარათი მსაჯისგან და არც სადისციპლინო კომიტეტს აქვს გამოტანილი ოფიციალური გადაწყვეტილება, მაშინ რატომ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა?
– ოქმში გარკვევით წერია, რომ გელაშვილის მხრიდან უდისციპლინო საქციელს ჰქონდა ადგილი. კომიტეტი იმსჯელებს და ჩვენი დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.
– გასაგებია, რომ მხოლოდ ბარათი არ წყვეტს დისკვალიფიკაციის საკითხს, მაგრამ თუკი შესაბამისი ორგანო ჯერ არ შეკრებილა, ოფიციალური დასკვნის გამოტანამდე ფეხბურთელი ავტომატურად უნდა გამოეთიშოს მომდევნო ტურს?
– თქვენ მასწავლით, რა წერია დებულებაში? გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით.
 

ჩვენ იმ აზრს არ ვავითარებთ, რომ ფეხბურთელის საქციელი გასამართლებელია. ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ფაქტია, რეზო შენგელიას კომენტარიც საკმაოდ ბუნდოვანია და ეჭვს აჩენს, რომ სინამდვილეში სადისციპლინო კომიტეტის დებულებაში „ავტომატურ“ დისკვალიფიკაციაზე არაფერი უნდა ეწეროს.
„ზესტაფონს“ კი ხვალ ქუთაისში მძიმე თამაში ელის. იმ შემთხვევაში, თუკი გეგუჩაძის შეგირდები წააგებენ, ხოლო „დინამო“ ხვალინდელ და ორი გამოტოვებული ტურის შეხვედრას მოიგებს, 9-ქულიანი ჰანდიკაპი ისტორიის კუთვნილება გახდება.
რაში სჭირდება ფეხბურთის ფედერაციას გუნდისა და ფეხბურთელისთვის პრობლემის შექმნა?
როდესაც პატარკაციშვილების ოჯახმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ გუნდს სიმბოლურ ფასად დათმობდნენ, ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკურ სახეს, რომელიც ქართულ ფეხბურთთანაც აქტიურად ჩანს, ტელეფონით ვესაუბრებოდი. მან მითხრა: ახლა თბილისის „დინამოს“ უნდა მივხედოთ, აღარ მაინტერესებს სხვა გუნდები. ამ საუბრიდან ზუსტად ორ დღეში, კლუბს შესანიშნავად „მიხედეს“ – ახალი მფლობელი საკმაოდ შეძლებული – რამდენიმე მილიონის პატრონი რომან ფიფია აღმოჩნდა.
ფიფიას გუნდში გამოჩენას მალე „დინამოს“ მთავარ მენეჯერად საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის – ზურაბ პოლოლიკაშვილის დანიშვნა მოჰყვა. უკვე გასაგები იყო, რომ „დინამოში“ ხელისუფლება მოვიდა. არ გასულა დიდი ხანი და პოლოლიკაშვილმა სპორტულ დირექტორად გიორგი ნემსაძე დანიშნა.
ნემსაძე წლების განმავლობაში თამაშობდა „დინამოს“ შემადგენლობაში და ეროვნული ნაკრების კაპიტანიც იყო. ამაში თითქოს გასაკვირი არაფერია, მაგრამ ნემსაძე, ამავე დროს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში „ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუტატია. სავარაუდოდ, სახელმწიფომ პატარკაციშვილის კიდევ ერთი ქონება ჩაიგდო ხელში.
კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ „დინამო“ რეალურად ზვიად სიჭინავას, ანუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კუთვნილებაა, ფიფია კი მისი ძველი „ძმაკაცი“ და, შესაბამისად, საქმის „გამპრავებელი“ გამოდის.
ამაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ „ზესტაფონი“ ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი. გუნდმა ხორვატი ფეხბურთელი ჩამოიყვანა, ლეგიონერებზე კი ფედერაციას 15 ათასი ლარი აქვს დაწესებული. ვინაიდან ფედერაციამ გუნდების საწევრო – 40 000 ლარი გაანახევრა მას შემდეგ, რაც „პფლ“-გან ჩემპიონატის ჩატარების უფლება გადაიბარა, შესაბამისად, იმერლებს 20 ათასი ლარი პლუსში დარჩათ. გარდა ამისა, ფედერაციას „ზესტაფონისადმი“ ვალი (ნოდარ ახალკაცის დროს აღებული ვალი) აქვს დარჩენილი. გუნდმა ფეხბურთელის რეგისტრაციაში გადასახდელი თანხის დაქვითვა სფფ-ს სწორედ ამ თანხიდან სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ იყო ზურაბ მენთეშაშვილის საკითხი; ებრაულმა მხარემ საქართველოში ფეხბურთელის გათავისუფლების ფურცელი დროულად არ გამოგზავნა, საქმის მოგვარება ფედერაციას დაეკისრა, თუმცა უკვე თვეზე მეტია, ეს ორგანიზაცია „ზესტაფონელებს“ „ვერაფრით“ ეხმარება.
თბილისის „დინამოს“ ორი მატჩი აქვს გამოტოვებული. იმ შემთხვევაში, თუკი ხვალინდელ მატჩს „ზესტაფონი“ წააგებს, „დინამო“ კი სამ შეხვედრას მოიგებს, ქულები გათანაბრდება.
ცნობილია, რომ ქუთაისში ქომაგი აგრესიულია და მსაჯები ვერ გაბედავდნენ ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ წასვლას. სამაგიეროდ, ხვალინდელი მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს. 10 აპრილს კი „ზესტაფონი“ უშუალოდ „დინამოს“ უმასპინძლებს, ვინაიდან მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები უკვე ჰყავთ და ეს ამ შეხვედრაშიც გადაჰყვებათ. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვის სასარგებლოდ დასრულდება ეს შეხვედრა. მოარული ხმები, რომ გუნდი, რომელიც სეზონის დასაწყისში 12 ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერებს, რამდენიმე ტურში ამას ნულამდე დაიყვანს და წლის ბოლოს ჩემპიონობასაც ლანგრით მიართმევენ, აზრს მოკლებული არ უნდა იყოს.