სამართალი
ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ყველასთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს მეორე მსოფლიო ომის 372 ვეტერანი ჰყავს. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ყველასთვის. ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.