საზოგადოება
ტელემაყურებელს გასართობი გადაცემები უფრო აინტერესებს?!

vanos_shouსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (სკეკ) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესი საქართველოში საგრძნობლად დაეცა და მაყურებელთა უმეტესობა უპირატესობას გასართობ და მუსიკალურ შოუებს ანიჭებს.

მარეგულირებლის დაკვეთით „BCG Research“-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, რესპონდენტების 35.5 პროცენტი მუსიკალურ გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას; შემდეგ მოდის გასართობი თოქშოუები (29 პროცენტი); სატელევიზიო სერიალები (20 პროცენტი); მხატვრული ფილმები (16.2 პროცენტი) და იუმორისტული გადაცემები (15.7 პროცენტი).

კვლევის თანახმად, საინფორმაციო გადაცემები მეათე ადგილზეა 10.6 პროცენტით, ხოლო ანალიტიკური გადაცემები – მეცამეტე ადგილზე 3.9 პროცენტით.

ამ კვლევის შედეგები საგრძნობლად განსხვავდება ევროკავშირის მხარდაჭერით 2009 წლის ოქტომბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების („CRRC“) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევისგან. ამ უკანასკნელის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალი ამბებისადმი და საგამოძიებო რეპორტაჟებისადმი ძალიან დიდი იყო ინტერესი.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს სამაუწყებლო ლიცენზიების მაძიებლებისთვის.

კანონის თანახმად, კომისიამ ამგვარი კვლევები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს; ბოლოსწინა კვლევა 2004 წლის ივლისში ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მაშინ ყველაზე პოპულარული საინფორმაციო გადაცემები იყო; მათ მოსდევდა მხატვრული ფილმები, იუმორისტული და მუსიკალური გადაცემები და სხვადასხვა ტიპის თოქშოუ.

ამ ბოლო კვლევის გამოქვეყნება დღემდე ჭიანურდებოდა, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კრიტიკის ერთ-ერთი წყარო იყო, რადგან კომისია იმ საბაბით, რომ ჯერ კვლევის შედეგები უცნობი იყო და, შესაბამისად, პიორიტეტებიც დადგენილი არ იყო, სამაუწყებლო ლიცენზიების მსურველთა უმეტესობას ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნებოდა.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ტელევიზიებში გასართობი და მუსიკალური გადაცემების ნაკლებობაა; რესპონდენტთა მხოლოდ 11.3 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი საინფორმაციო გადაცემების ნაკლებობას განიცდიან.

იმავე კვლევის თანახმად, რესპონდენტებს ნაკლები ინტერესი აქვთ სათემო რადიოსადგურების მიმართ; მასში ნათქვამია, რომ ამგვარი რადიოების მიმართ ინტერესი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც კი არ არის.

ამ საკითხზე 4 აპრილს პარლამენტის სხდომაზე ხანმოკლე დებატებიც შედგა, სადაც დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ამ კვლევის სანდოობა ძალზე საეჭვოა. მისი თქმით, ნაკლებდამაჯერებელია, მაყურებელი თვლიდეს, რომ ის მოკლებულია გასართობ გადაცემებს, რადგან ამ სახის გადაცემებით ისედაც „გადატვირთულია“ ტელევიზიები.

მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კვლევის შედეგები შესაძლოა, იმისთვის გამოიყენოს, რომ ტელეკომპანიებს თავიანთი საპროგრამო ბადის შეცვლა მოსთხოვოს კვლევის შედეგების შესაბამისად.

ამის საპასუხოდ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, მათ, ვისაც უკვე აქვს სამაუწყებლო ლიცენზია, საპროგრამო ბადეების შეცვლას არავინ მოსთხოვს, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ახალი ლიცენზიების გაცემისას პრიორიტეტს იმ საკითხებს მიანიჭებს, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა.