პუბლიკაციები
75 წლის შემდეგ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი დიადი გამარჯვების ღირსი არ არის! - არნო ხიდირბეგიშვილი

     ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს ასე სამარცხვინოდ შევხვდებოდით, საკუთარ სოროებში დამფრთხალი თაგვებივით შემძვრალნი! თავს ნუ გავიმართლებთ ღამურასგან გავრცელებული ინფექციით - ჩვენ დღეს არ შეგვშინებია და არც კორონავირუსის გამო! წუხილით ვაღიარებთ, მეგობრებო, რომ 75 წლის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი უღირსია დიადი გამარჯვების, რისთვისაც საშინელი ფასი გადავიხადეთ - ჩვენი მამებისა და პაპების, ბებიების და დედების ათობით მილიონი სიცოცხლე!

     როდის, რა მომენტში დავიწყეთ მათი ღალატი? უფრო სწორად, დოლარებზე, ნახმარი ჯინსსა და მეორად მანქანებზე გაყიდვა?! რა არაადამიანები ვართ ასეთი, მშობლებს რომ ვყიდით?! ჩვენ, გამარჯვებულთა შვილიშვილები, როგორ, რა სინდისით ვუყურებთ მეორე ფრონტის მოკავშირეთა შვილიშვილებს, რომლებიც მათ გმირ ბაბუებს - ვეტერანებს თავზე ევლებიან?!

   ეს კი მაშინ დაიწყო, როდესაც სტალინი გარდაიცვალა და სოროებიდან გამოძვრნენ ნაციონალ-შოვინისტები, რომლებსაც დიდი ბელადის სიცოცხლეში სუნთქვისაც კი ეშინოდათ! და სსრკ-ის გამყიდველმა ხელმძღვანელობამ, შებილწა რა კრემლი, სადაც იოსებ ბესარიონის ძე მუშაობდა, ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული ტერიტორიების გაყიდვა! ჯერ ბალტიისპირეთის ქვეყნების, შემდეგ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების, ბოლოს კი საქართველოსა და უკრაინის... კვარცხლბეკებიდან ჩამოყარეს გმირ-გამათავისუფლებელთა ძეგლები, ჩამოაგდეს უმაღლესი მთავარსარდლის დიდებული სკულპტურა მის მშობლიურ გორში, საქართველოში გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმები და სცემენ წმინდა გიორგის ლენტების გამო, ხოლო უკრაინის ქუჩებში მარშირებენ ნეო-ფაშისტები - ბანდერელებისა და პოლიციელების შვილები და შვილიშვილები…

   და ნუ შევხედავთ საყვედურით ახალგაზრდა თაობებს, "რომლებიც პეპსის ირჩევენ"! როდესაც ჩვენი შვილები საოჯახო ბიბლიოთეკაში ამოგლეჯილ ფურცლებიან ტომებს პოულობდნენ და უფროსებს ეკითხებოდნენ - რა იყო იქ, განა ვპასუხობდით - სტალინი, განა სიმართლეს ვეუბნებოდით?! არა, გვეშინოდა! და ნორჩი სულებიც მიხვდნენ, რომ დასამალიც გვაქვს და სასირცხვილოც ის, რომ მათი მშობლები ლაჩრები არიან! და ეს - იმის ნაცვლად, რომ გვეამაყა ფაშიზმზე დიადი გამარჯვებით, საბჭოთა კავშირში ხალხთა მეგობრობითა და ქართველი გენერალსიმუსით?!

   ხოლო როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გვაქეზებდნენ - რუსებს ქართველების წინააღმდეგ და - პირიქით, ქართველებს აპირისპირებდნენ აფხაზებსა და ოსებთან, სომხებს განაწყობდნენ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, ჩვენ გვეშინოდა და არ ვამბობდით, რომ ისინი ეროვნული გმირები კი არა, ავადმყოფები არამზადები არიან! და დღემდე გვეშინია ამის თქმის, თუმცა, საქართველოს ქუჩებში, უკრაინისგან განსხვავებით, შეიარაღებული არამზადების ხროვა, მადლობა ღმერთს, უკვე აღარ დათარეშობს.

     შემდეგ თვალი აგვეხილა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ოდესღაც მოძმე ხალხები მიხვდნენ, რომ დიდი გამარჯვება წმინდაა, და რომ ჩვენი ხალხები ვეღარასოდეს ერთობლივად მოიმოქმედებენ ამაზე დიდებულს! საქართველოში კი ჯერჯერობით გამარჯვების პარკი ისევ ნანგრევებშია, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მემორიალით... რომელსაც დღეს, უბრალოდ, ვაკის პარკს ეძახიან - თბილისის იმ უბნის სახელის მიხედვით, სადაც ის მდებარეობს.