საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას ეხმაურება.
მდინარაძის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ცინიკური დამოკიდებულებით, რუსულ ნარატივთან დაკავშირებით მიიპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება.
„ცინიკურია იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ბევრ თემაზე ჯერ სალაპარაკო და ბევრი პირობა შესასრულებელი მანამდე, ვიდრე რაიმე ურთიერთობაზე და დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტზე იქნება საერთოდ საუბარი.
ამიტომ მოდი, ჯერ მათმა წარმომადგენლებმა, მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებებიც აქვს შესასრულებელი რუსეთს, რას არღვევს, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან საერთოდ ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან. ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რომელზეც ისინი დღეს საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რუსულ ნარატივში გადავიდეს“, – აცხადებს მდინარაძე.
ამასთან, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ასევე ცინიკურია უკვდავ პოლკზე საუბარი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირებით არის დაკავებული.
„ცინიკურია უკვდავ პოლკზე საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს და ამ თემებით აპელირება მოემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რაღაცნაირად დისბალანსი შემოიტანოს ამ ქვეყანაში, რაღაცნაირად გადაიტანოს ყურადღება სხვა თემებზე, რომელიც ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს ინტერესში ნამდვილად არ ჯდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა ტელეხიდის დროს, რომელშიც „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა, განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოსთან სრული მოცულობით საპარლამენტო დიალოგის აღსადგენად.