საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს ფეოდორ კრეჩეტოვს COVID-19 დაუდასტურდა, ნათქვამია რუსეთში ქართული დიასპორის განცხადებაში Facebook-ზე.
მას შემდეგ, რაც წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაძრის სრული დეზინფექცია ჩატარდა. ახლა ის კარანტინზე დაიკეტა.
დიასპორის ინფორმაციით, დაავადდნენ ტაძრის სხვა სასულიერო პირებიც.
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მღვდელი მირონ კანთელაძე ამჟამად მკურნალობის კურსს გადიან. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი ინფიცირებული, შედეგები დამატებითი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლები და ერთმანეთთან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები მუშაობენ, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.
ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.
დღეისათვის ქვეყნის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 177 160 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 625 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 23 803 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში - კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულია 92 676 ადამიანი.
Sputnik-Georgia