რელიგია
ილია მეორე კორონავირუსზე: ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულა და მრევლს გიორგობა მიულოცა.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავ, 6 მაისს კი თავის კვეთას. თუმცა, ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად და უქმე დღედ მხოლოდ 23 ნოემბერია გამოცხადებული.

ქადაგებისას ილია მეორე არსებულ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის არა სასჯელი, არამედ გაფრთხილება, რომელსაც მთელი მსოფლიო განიცდის.

ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად... ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს“, – ბრძანა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ რთულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო გასაჭირშია, ადამიანებს უფლის ხმა ესმით, რომელიც მათ არ ტოვებს.

დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.

„საქართველოში ეს დღესასწაული ყველთვის დიდი ეროვნული დღესასწაული იყო... წმინდა გიორგის დღე იმედის დღესასწაულია“, – განაცხადა ილია მეორემ.

გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებელმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.

წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ პერიოდში დაიწყო, დღესაც გრძელდება.

წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.

Sputnik-Georgia