აქტუალური
ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით პარლამენტის სხდომაზე დაიბარა.

პარტიას აინტერესებს, რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.

გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობას" სურს გიორგი გახარიასგან გაიგოს, რა მდგომარეობაა ბავშვთა სიღარიბის მხრივ და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

საპარლამენტო ფრაქცია პრემიერ-მინისტრს 29 მაისს ელოდება.