საზოგადოება
რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი 5 მაისიდან დასაშვები ხდება.

კერძოდ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ავრცელებს:

ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

-არა, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

-არა, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

-არა, ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

-დიახ, ეს გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც

ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?

-დიახ, შესაბამისი წესების დაცვა სავალდებულოა.