საზოგადოება
როგორც მოსალოდნელი იყო, მერიამ ამჯერადაც მოგვატყუა პირველ აპრილს. საქმე ეხება მუნიციპალური ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო სამგზავრო ბარათებს.
შეგახსენებთ, საქინფორმმა ამის შესახებ უკვე მიაწოდა მკითხველს ინფორმაცია პირველ აპრილს, რომ რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, სამგზავრო ბარათები 4 აპრილს უკვე დარიგდებოდა, მათ შორის, შეღავათის მქონე სხვა კატეგორიებისაც, მაგრამ – ამაოდ. 62-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ სერვისცენტრში მოსალოდნელი 1 აპრილი 11 აპრილით შეცვალეს, 11აპრილი თვის ბოლოდ შეიცვლება და ასე – სანამ საზაფხულო არდადეგები არ მოვა, მერე კი – ელოდე სექტემბრამდე.საქინფორმი რამდენჯერმე დაუკავშირდა მერიის პრესსამსახურს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით – რეალურად ნამდვილად როდის დაიწყებოდა სამგზავრო პლასტიკური ბარათების გაცემა.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან ნანუკა ზაქარეიშვილმა გვაცნობა, ბარათები უკვე ჩამოტანილია და ამ კვირაში გადაეცემა სერვისცენტრს. სავარაუდოდ, შესაძლოა, პარასკევიდან დაიწყოს მათი გაცემა. ორშაბათიდან კი, 11 აპრილიდან, ნამდვილად შეეძლებათ მოქალაქეებს მათი აღება.
ვნახოთ, „აღდგომა და ხვალეო“...