საზოგადოება
შავი ყუთი ნაპოვნია – კონგოს კატასტროფის უცნობი დეტალები

kongoმკითხველისთვის უკვე ცნობილია ის სამწუხარო შემთხვევა, რომელიც კონგოში გუშინ მოხდა. თვითმფრინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, კონგოში, ქალაქ კინშასას აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი ტროპიკულ წვიმაში მოყვა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ლაინერი მიწაზე დაცემისას შუაზე გადაიხსნა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის დროს კომპანია „აირზენას“ კუთვნილი ლაინერის – „სიარჯი-100“-ის ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ამოცნობილთა შორის არიან 22 წლის სულიკო ცუცქირიძე, რომელიც ახალციხის რაიონში ცხოვრობდა, ქუთაისელი გურამ კეპულაძე, ასევე, ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი.

როგორც „აირზენას“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, თვითმფრინავმა გასული წლის 22 დეკემბერს გერმანული „ლუფტნაზას“ ბაზაზე ტექნიკური დათვალიერება გაიარა და ის სრულიად გამართულად მუშაობდა...

როგორც საქინფორმისთვის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული პილოტის – სულიკო ცუცქირიძის ახლობლებისგან გახდა ცნობილი, ცუცქირიძე ახლობლებსა და მეგობრებს აფრენამდე ცოტა ხნით ადრე, გუშინ, დილით, მომავალ გეგმებზე ესაუბრა. საუბრისას რამდენიმე ისეთ ფაქტი გამოიკვეთა, რომლებმაც შესაძლოა, გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე სერიოზული კითხვა დაბადოს.

„გუშინ, დილით, ვესაუბრე მას ინტერნეტით. სულიკომ მითხრა, ფრენას რომ მოვრჩებით, თვითმფრინავი გერმანიაში შესამოწმებლად მიგვყავს, მერე კი ერთთვიან შვებულებას ვიღებ და დასასვენებლად ეგვიპტეში მივფრინავო. გარდა ამისა, კატასტროფის შემდეგ კონგოში ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად მისი ერთ-ერთი ახლობელი ჩავიდა, რომელმაც მომიყვა, რომ ლაინერში ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც მიწასა და თვითმფრინავის მდებარეობის ადგილს შორის არსებულ მანძილს აჩვენებს, მოშლილი იყო. როგორც შავი ყუთის გახსნის შემდეგ გაირკვა, ხელსაწყო 400 მეტრ მანძილზე მიუთითებდა, სინამდვილეში კი თვითმფრინავი მიწასთან საკმაოდ ახლოს იყო. თვითმფრინავი, ფაქტობრივად, ამ ხელსაწყოს მონაცემებზე დაყრდნობით დაეშვა, რაც არასწორი აღმოჩნდა და სწორედ ამან გამოიწვია კატასტროფა“, – აცხადებს ცუცქირიძის ერთ-ერთი ახლო მეგობარი, რომელიც ვინაობის გამხელისგან გასაგები მიზეზების გამო თავს იკავებს.

მოპოვებული ინფორმაციის შესამოწმებლად საქინფორმის კორესპონდენტი ნინო გიორგობიანს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და მას პირადად ესაუბრა:

– ქალბატონო ნინო, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თვითმფრინავს, რომელმაც კატასტროფა განიცადა, აღნიშნული რეისის შემდეგ გერმანიაში კვლავ უნდა გაევლო ტექნიკური შემოწმება. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

– ვინ გითხრათ ეს?

– ეს ინფორმაცია ერთ-ერთი დაღუპულის – სულიკო ცუცქირიძის ახლო მეგობრისგან მივიღეთ.

– საერთო ნაცნობისგან და ყურით მოტანილ ინფორმაციაზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. ჩვენი ოფიციალური განცხადება არის ის, რომ 22 დეკემბერს „სიარჯი-100“ -მა ტექნიკური შემოწმება გაიარა და გამართულ მდგომარეობაში იყო. ყველა თვითმფრინავს აქვს თავისი ვადები, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს და ის დეკემბერში შემოწმდა. აღნიშნული რეისის შემდეგ კი მისი შემოწმება არ იგეგმებოდა.

– ვრცელდება ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც აჩვენებს მანძილს მიწიდან, იყო გაუმართავი და ლაინერის დახეთქებაც სწორედ არასწორ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელებული დაშვების გამო მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ინფორმაცია შავი ყუთის გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი...

– შავი ყუთი ნაპოვნი არ არის და ამ ინფორმაციაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო?

აღსანიშნავია, რომ გიორგობიანთან შავ ყუთზე საუბრისას, რომელიც უცხოური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით, 15:00 საათამდე უკვე ნაპოვნი იყო, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი მოგვიახლოვდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ამ წუთას მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შავი ყუთი უკვე ნაპოვნია, თუმცა ჯერ გაშიფრული არ არის“.